კონფერენს ლიგა - „დინამო თბილისმა“ „მორნარ ბარი“ ვერ დაამარცხა და ევროსეზონი პირველივე ეტაპზე დაასრულა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ ჩერნოგორიულ „მორნარ ბარს“ უმასპინძლა, მატჩი 1:1 დაასრულა და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.
პოდგორიცაში გამართული პირველი შეხვედრა ჩერნოგორიელებმა 2:1 მოიგეს და თბილისელებს შემდეგ წრეში გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ.
„დინამოს“ ავსტრიელმა მწვრთნელმა, ფერდინანდ ფელდჰოფერმა პირველი მატჩის შემდეგ შემადგენლობა საგრძნობლად შეცვალა და ძირითად შემადგენლობაში (თუ არ ჩავთვლით ახალგაზრდა მუხრან ბაგრატიონს) უფრო გამოცდილი მოთამაშეები დაყენა – პირველივე წუთებიდან მოედანზე იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი და დავით სხირტლაძე.
თამაში „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მე-19 წუთზე თბილისური კლუბი ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა. ნიკოლოზ უგრეხელიძემ ჯერ ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა, თავდამსხმელი კარისკენ გაექცა, ბოლო იმედის ჯარიმისთვის კი მსაჯმა გააძევა და „დინამო“ კაცნაკლული დარჩა.
ამის შემდეგ „დინამომ“ მოულოდნელად უფრო მწვავედ შეუტია და 33-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნა. ოქრიაშვილის გადაცემა საჯარიმოში დავით სხირტლაძემ მიიღო, ეფექტურად მოტრიალდა და მეკარესთან პირისპირ ვახტანგ სალია დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ევროთასებზე სადებიუტო გოლი გაიტანა 1:0.
მეორე ტაიმში „მორნარმა“ თამაშიც გაათანაბრა და ანგარიშიც: 58-ე წუთზე დომენიკ საიმონმა ბურთი ცუდად მოიგერია, საჯარიმოსთან დარკო ზორიჩმა ჩაჭრა და კარში ზუსტად დაარტყა – 1:1.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და, სამწუხაროდ, „დინამო თბილისმა“ ევროსეზონი პირველივე ეტაპზე ტურნირის დებიუტანტთან დაასრულა. „მორნარმა“ კი ისტორია დაწერა.