კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა 
კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა 

კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ტრეინინგი ჩაუტარა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 და 5 თებერვალს მოზარდებისთვის ტრენინგი „ჩვენი ინტერნეტი ჩვენი არჩევანია – ინფორმირებული დასტურის მნიშვნელობა ციფრულ სამყაროში“ ჩაატარა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ერთდღიანი ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება ორ საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებს და ასევე, რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგი, რომელიც პროცესში ბავშვების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს, მოიცავს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობის შესახებ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს შემდეგი მიმართულებებით: კიბერბულინგი; ინფორმაციის წყაროს კრიტიკულად შეფასება;  მშობელთან, მასწავლებელთან, უფროსთან კომუნიკაცია; პირადი მონაცემების ონლაინ სივრცეში დაცვა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტრენინგები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და საქართველოს კარიტასთან თანამშრომლობით განახორციელა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარება კანონით განესაზღვრა და 2019 წლის განმავლობაში მოზარდებისთვის, განათლების სამინისტროსთან ერთად, კიდევ ხუთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოზარდებში ისეთი უაღრესად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა: კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება; მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი; ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა; ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა; ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში შესაძლო მონაწილეობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება;

მედიაწიგნიერების განვითარების მთავარი მიზანი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება.

უსაფრთხო ინტერნეტის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად თებერვლის პირველ სამშაბათს აღინიშნება. წელს, 5 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის დღეა.

დატოვე კომენტარი