კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები გამოავლინა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გამართა და გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსს, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების – კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, სამი გამარჯვებული ჰყავს. კონკურსში მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 60-მა მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულები, რომლებმაც ღონისძიებაზე საკუთარი ნაშრომები თავად წარადგინეს, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.

კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – Fake News უნდა აღმოეჩინათ, რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. გარდა ამისა, მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ჰქონდა.

კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირველი ადგილი ლუკა ყოჩიშვილმა დაიკავა, რომელმაც საკონკურსო ნამუშევარში ფეიკ-ნიუსის გავრცელების მეთოდები მიმოიხილა. მან გააანალიზა ფაქტორები, რომლებიც მოგონილი ამბის გავრცელებით, მომხმარებლის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. კერძოდ, ლუკა ყოჩიშვილის ნამუშევარში გადმოცემულია ორი ვებგვერდის მიერ სტატიების სახით გავრცელებული ინფორმაცია საბროკერო კომპანიის მეშვეობით გამდიდრებული ადამიანების შესახებ. ყოჩიშვილმა ინფორმაციის გავრცელების წყაროები შეისწავლა და ჩატარებული ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული ნიუსები ყალბია და ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. „ნუ დაიჯერებ, გადაამოწმე“ – ასე მთავრდება ლუკა ყოჩიშვილის საკონკურსო ნაშრომი, რომელსაც კომუნიკაციების კომისიისგან Iphone 11 Pro გადაეცა საჩუქრად.

მეორე ადგილზე მარიამ ყვავაძე გავიდა, რომელმაც საკონკურსო ნაშრომში ქართულ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია აღმოაჩინა. მარიამმა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ამბავი გადაამოწმა და დაადგინა, რომ სტატიის ავტორს ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ადრეც ჰქონია საქმე. ინფორმაციის ნამდვილობის გადასამოწმებლად და განმარტების მისაღებად, მან მედიასაშუალებას თავად მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მარიამმა გავრცელებული ამბავი დეტალურად შეისწავლა, აღმოაჩინა ყალბი ინფორმაცია და დაადგინა რეალური ამბავი. მარიამ ყვავაძეს კომუნიკაციების კომისიამ საჩუქრად უახლესი მოდელის Ipad-ი გადასცა.

მესამე ადგილის მფლობელი სალომე ქოიავა გახდა, რომელმაც კონკურსის ფარგლებში, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეისწავლა. ნამუშევრის მიხედვით, პოსტის მიზანს სავარაუდოდ განათლების სისტემაში დასავლური ინსტიტუტების ჩართულობის დისკრედიტაცია წარმოადგენს. ინფორმაციის ანალიზისთვის სალომემ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება – რა არის ინფორმაციის გავრცელების მიზანი, არსებობს და რეალურია თუ არა პირველწყარო, სწორად არის თუ არა გადმოცემული პირველწყაროში არსებული ინფორმაცია და ვისთვისაა ის განკუთვნილი, ანუ ვინ არის ე.წ. სამიზნე აუდიტორია. მესამე ადგილის მფლობელმა კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი მიიღო.

კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ კომუნიკაციების კომისიამ და  „მედიააკადემიამ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით უკვე მეორედ ჩაატარა. კონკურსს კომუნიკაციების კომისიამ სასწავლო კომპონენტი დაამატა. მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, ათამდე საჯარო სკოლაში ტრენინგები ჩაატარეს. BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, ბავშვებმა ისწავლეს, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მოზარდებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარა.

ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.