კომუნიკაციების კომისიამ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ფორუმი „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია — მედიაწიგნიერება ყველასთვის“ გაიმართა.
ღონისძიებამ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, განათლების სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები გააერთიანა.
ფორუმი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ გახსნა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოადგილემ, ალექსანდრუ ნარტეამ.
ფორუმი წლევანდელი გლობალური კვირეულის მთავარი თემის „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია — მედიაწიგნიერება ყველასთვის“ ირგვლივ დაიგეგმა და მიზნად ისახავდა მედიაწიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაში სხვადასხვა სექტორისა და თითოეული მოქალაქის როლის წარმოჩენას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „მედია და ინფორმაციული წიგნიერება, როგორც საერთო პასუხისმგებლობა“, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე უწევდა მოდერაციას. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი ირმა ბოლქვაძე, UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე და უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ასოცირებული პროფესორი და ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ანი გვეტაძე. მონაწილეებმა მედიაწიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაში სხვადასხვა სექტორის როლზე, არსებულ გამოცდილებასა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მედიაწიგნიერების ახალი ეროვნული სტანდარტისა და გზამკვლევის პრეზენტაციას. კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ დამსწრე აუდიტორიას მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შედეგები და მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის მზარდი მონაცემები წარუდგინა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა ირმა ბოლქვაძემ კი მასწავლებლებს მედიაწიგნიერების ახალი სტანდარტის ძირითადი ცნებები დეტალურად გააცნო.
წლევანდელი ფორუმის ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტი იყო ინტერაქციული აქტივობები, რომლებიც სპეციალურად ღონისძიების მთავარი გზავნილის შესაბამისად შეიქმნა. ფორუმის კონცეფცია სამი სიმბოლური სუპერგმირის — მედიაგურუს, ციფრული შერლოკისა და კიბერექსპერტის გარშემო განვითარდა. თითოეული მათგანი მედიაწიგნიერების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა: მედიაგურუ პასუხისმგებლიანი შინაარსის შექმნას, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებასა და ეთიკურ კომუნიკაციას განასახიერებდა; ციფრული შერლოკი — კრიტიკულ აზროვნებას, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის ამოცნობასა და ფაქტების გადამოწმებას; ხოლო კიბერექსპერტი — ციფრულ უსაფრთხოებას, პერსონალური მონაცემების დაცვასა და ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან გამოყენებას.
ფორუმის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ თემატურ აქტივობებში. ინტერაქციული კითხვარის — „შენ რომელი სუპერგმირი ხარ?“ — საშუალებით მათ საკუთარი უნარებისა და ინტერესების შესაბამისი სუპერგმირი აღმოაჩინეს, ხოლო „სუპერგმირების ბეჯების სტენდზე“ მათთვის სასურველი პერსონაჟის ბეჯი მოირგეს. აქტივობის — „One Tip to Send“ („საფოსტო ყუთი“) — ფარგლებში კი მონაწილეებმა საფოსტო ბარათებზე ინფორმაციის გადამოწმების, უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლიანი კომუნიკაციის შესახებ საკუთარი რჩევები დაწერეს.
ინტერაქციული აქტივობების მიზანი იყო, მონაწილეებს გაეაზრებინათ, რომ უსაფრთხო და სანდო საინფორმაციო გარემოს შექმნაში თითოეულის როლი მნიშვნელოვანია. ფორუმმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ თანამედროვე ციფრულ გარემოში, სადაც ადამიანები ინფორმაციის არა მხოლოდ მიმღებები, არამედ შემქმნელები და გამავრცელებლებიც არიან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრიტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გადამოწმებას, ციფრულ უსაფრთხოებასა და პასუხისმგებლიან კომუნიკაციას.
მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული UNESCO-ს საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის მიზანია მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა. კომუნიკაციების კომისია აღნიშნულ ინიციატივას წელს უკვე მეექვსედ შეუერთდა.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.