კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 17 ოქტომბერს შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.

კომისიის ინფორმაციით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, 5 პროცენტზე მეტი წილის გასხვისების განზრახვის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას მიმართოს და მისგან მიიღოს თანხმობა. „კავკასუს ონლაინმა“ კი, წილების გასხვისება კომისიის წინასწარი ინფორმირების გარეშე განახორციელა, რითაც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სამი კვირის ვადა განესაზღვრა.

კომისია განმარტავს, რომ წილების გასხვისების, შერწყმის ან შესყიდვის დროს, პრინციპულად მნიშვნელოვანია ავტორიზებულმა პირმა თანხმობისთვის მიმართოს კომისიას, რათა კომისიამ ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეისწავლოს და შეაფასოს, ესა თუ ის გადაადგილება ბაზარზე კონკურენციის კუთხით რამე გავლენას მოახდენს თუ არა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ეხება „კავკასუს ონლაინს“, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებას, იმიტომ, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ გარკვეული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე შეიძლება მოახდინოს გავლენა, არამედ რეგიონულ ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას შეიძლება, მიაყენოს ზიანი.

ყველას კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, ბენეფიციარის ცვლილებასთან ერთად გარკვეულ სტრატეგიებში და სამომავლო ხედვებში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდეს, სწორედ ამ რისკების დაზღვევისთვის ითვალისწინებს კანონმდებლობა კომისიის წინასწარ ინფორმირებას და საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ბენეფიციარის ცვლილება მოხდა და სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე. „კავკასუს ონლაინი“ ერთადერთი მსხვილი რეგიონული ინფრასტრუქტურული მოთამაშეა, რომელიც ევროპულ რეგიონს პირდაპირ აკავშირებს ჩვენს რეგიონთან, სწორედ ამიტომაც არის აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.

კომისიის ინფორმაციით, შპს „კავკასუს ონლაინმა“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება 2016 წლის ოქტომბერშიც განახორციელა, მაშინ აღნიშნული ცვლილება კომისიის თანხმობით მოხდა და კომპანიას დაევალა, ნებისმიერი სხვა ცვლილების დროს, კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიეღო, რასაც 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების დროს ადგილი არ ჰქონია.