კომუნიკაციების კომისიამ 80 მასწავლებელი ახალი სემესტრიდან მედიაწიგნიერების სწავლებისთვის გადაამზადა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შექმნილი სასწავლო მოდულის გამოყენებით 80 მასწავლებელი გადაამზადა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრებს მედიაწიგნიერების მკვლევარი და მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს ავტორი ნატალია ინგოროყვა გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტისა და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მათივე ცნობით, გადამზადებული მასწავლებლები მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელები მედიისა და ინფორმაციის ენას, ინფორმაციის დამუშავებას, დეზინფორმაციის სახეებს, ასევე სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ყალბი ინფორმაციის აღმოჩენასა და სიმართლის დადგენის ტექნიკებს ერთი სემესტრის მანძილზე შეისწავლიან.
„კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, კვლავ აქტიურად აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის პროცესს. პროექტის ფარგლებში X, XI, და XII კლასის მოსწავლეები საქართველოს ექვს სკოლაში მედიაწიგნიერების საგანს უკვე სწავლობენ. საგულისხმოა, რომ დღეს მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის არჩევითი საგნების ნუსხაშია და მედიაწიგნიერების საგანს მასწავლებლები სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში ასწავლიან.
ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტი კომუნიკაციების კომისიამ 2022 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების შესახებ კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებითაც მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით 1750 მასწავლებელი გადამზადდა. 2023-2024 სასწავლო წლიდან მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე არჩევითი საგანი, X-XII კლასებში ისწავლება. კომუნიკაციების კომისიისთვის მნიშვნელოვანია, სულ უფრო მეტი სკოლა ჩაერთოს საგნის ინტეგრირებისა და გავრცელების პროცესში, რათა მოსწავლეებმა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გამკლავება სკოლის ასაკიდანვე ისწავლონ. აქედან გამომდინარე, კომისია აგრძელებს მასწავლებელთა გადამზადებას, რომლის შედეგად პედაგოგები მედიაწიგნიერების, მედია და ინფორმაციული ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ეფექტიანად და ნაყოფიერად შეძლებენ“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.