კომუნიკაციების კომისია - უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვისთვის „მთავარ არხს“ გაფრთხილება მიეცა
კომუნიკაციების კომისია - უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვისთვის „მთავარ არხს“ გაფრთხილება მიეცა

კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარ არხს“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება მისცა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„მთავარმა არხმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხი“ ინფორმირებული იყო, რა პერიოდიდან და რა პრინციპით უნდა განეთავსებინა უფასო პოლიტიკური რეკლამა მეორე ტურის დროს. ამის შესახებ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიამ შეტყობინება 3 ნოემბერს გაუგზავნა და შეახსენა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. მეორე წერილი კი მაუწყებლებს 16 ნოემბერს გაეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მაუწყებელს ორჯერ შეახსენა ვალდებულება, „მთავარმა არხმა“ აღნიშნული არ გაითვალისწინა. არხმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 761 მუხლის 21-ე პუნქტი დაარღვია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აქვე განმარტებულია, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, „მთავარ არხს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა არ ჩაუდენია და მაუწყებელს წერილობითი გაფრთხილება მისცა.