კომუნიკაციების კომისია - კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილეებს კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება
კომუნიკაციების კომისია - კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილეებს კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.

„მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ არა მხოლოდ გამარჯვებულებს, არამედ მონაწილეებს, კომუნიკაციების კომისია, ულტრათანამედროვე პრიზებთან ერთად, კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და სერტიფიცირებულ ტრენინგებს ჩაუტარებს. კონკურსის  „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილე  სტუდენტები გაივლიან BBC აკადემიის სასწავლო მასალებით შექმნილ პროგრამას,  კურსის გავლის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია მათ სერტიფიკატებს გადასცემს და მისცემს შესაძლებლობას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ, როგორც სკოლებში ისე უნივერსიტეტებში.

უმნიშვნელოვანესია, რომ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა იმ კონკურსანტ სტუდენტებსაც მიეცემათ, რომლებიც შესაძლოა ვერ მოხვდნენ პირველ სამეულში, თუმცა ნამუშევრების წარდგენისას, გამოავლინონ მაღალი კომპეტენცია და ეფექტური უნარები“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ პირველად ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 12 ოქტომბერს გამოაცხადა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომლის მიზანიც მედიაწიგნიერების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარებაა. სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ 12 ნოემბრის ჩათვლით.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, გამარჯვებულებს მათგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს – New iPad Pro 2020, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე – https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებგვერდზე – www.comcom.ge.