კომუნიკაციების კომისია - 2021 წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
კომუნიკაციების კომისია - 2021 წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 009 000 შეადგინა, საიდანაც 962 000 აბონენტი ფიზიკური პირია.

კომისიის ცნობით, 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4.3 პროცენტით, 41 000 აბონენტით გაიზარდა. 2021 წელს გასულ წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით 158 სოფლით მეტს მიეწოდება.

„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურება, როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სააბონენტო სიმკვრივე შინამეურნეობაზე 86.7 პროცენტია.

ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა, 474 000 „მაგთიკომს“ ჰყავს, 286 000 – „სილქნეტს“, 59 000 აბონენტი – „ახალი ქსელების ჯგუფს“, 50 000 „სქაიტელს“, ხოლო 94 000 აბონენტი სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.

2021 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, რეგიონებში აბონენტების რაოდენობის ზრდამ შვიდი პროცენტი შეადგინა.

თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3 385 სოფლიდან ინტერნეტი 2 351 სოფელშია ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, Log-in Georgia-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი სოფლად მცხოვრები 1 000 სოფლის 500 000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხისა და შეღავათიანი ინტერნეტმომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა.

დატოვე კომენტარი