კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა
კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი იოსებ კეჭაყმაძე დღეს 80 წლის გახდებოდა.

იოსებ კეჭაყმაძე ცნობილია, როგორც ქართული საგუნდო მუსიკის კლასიკოსი. განსაკუთრებული პოპულარობა მას საგუნდო ციკლმა – „პარაფრაზები ძველი თბილისის თემებზე“ მოუტანა. ასევე, ცნობილია მისი ფშაური იდილიები ანა კალანდაძის ლექსებზე, „წუთისოფლის სამდურავები“ იოსებ ბაიაშვილის ლექსებზე და სხვა.

1978-1994 წლებში სიონის საკათედრო ტაძრისთვის შექმნილი საგალობლებისათვის კომპოზიტორს შოთა რუსთველის პრემია მიენიჭა. იყო ზაქარია ფალიაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

იოსებ კეჭაყმაძემ, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის მიხედვით, დაამუშავა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მუსიკა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წელს მიიღო.

კომპოზიტორი 2013 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.