კომპანიის ადვოკატი – „მშენექსპერტის“ ბიუროს თანამშრომლებისადმი ბრალდება უსაფუძვლოა, მას შემდეგ, რაც მუშებმა რაღაცები გადააკეთეს, ექსპერტიზის კიდევ ერთხელ ჩატარება იყო საჭირო
„მშენექსპერტის“ თანამშრომლების ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, „მშენექსპერტის“ ბიუროს თანამშრომლებთან დაკავშირებით ბრალდება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
ადვოკატის განმარტებით, საექსპერტო დასკვნაში, რომელიც წარადგინეს მისმა დაცვის ქვეშ მყოფებმა, მითითებულია, რომ მათ იხელმძღვანელეს სამშენებლო ნორმების მეოთხე ნაწილით, სადაც მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობაზეა საუბარი და დასკვნა, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა, ამ მიმართულებას ეხებოდა.
ამირან გიგუაშვილის თქმით, ექსპერტიზის გაცემის შემდეგ შადრევანში მუშებმა რაღაცები გადააკეთეს, რის გამოც შადრევანი ექსპერტიზის კიდევ ერთხელ ჩატარებას საჭიროებდა.
„კიდევ ერთხელ გაგვიმყარდა პოზიცია, რომ „მშენექსპერტის“ ბიუროს თანამშრომლებთან დაკავშირებით პროკურატურის და ზოგადად, ბრალდების მხარის ვერსია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამის ახსნა მარტივია. ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც, ექსპერტებმა დაწერეს, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამება. ხელში მიჭირავს ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების წესებისა და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენებას. ეს ბრძანება შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. მარტივად რომ ვთქვათ, სამშენებლო ნორმები მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმს, მათ შორის ხარჯთაღრიცხვას, უსაფრთხოებას, ხარისხს და ასე შემდეგ. საექსპერტო დასკვნაში, რომელიც წარადგინეს ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა, მითითებულია, რომ მათ იხელმძღვანელეს ამ სამშენებლო ნორმების მეოთხე ნაწილით, სადაც მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობაზეა საუბარი. დანარჩენ ნაწილებზე მათ არ უმსჯელიათ – ანუ ხარისხზე, უსაფრთხოებაზე მათ არ უმსჯელიათ. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება, ადამიანებს ბრალი წაეყენოთ იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ.
ბრალდების მხარეც ამბობს, რომ დასკვნა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისაგან წარდგენილ იქნა 25 აგვისტოს და 25 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, ერთი თვის განმავლობაში არაფერი მომხდარა. ერთი თვის შემდეგ, მას შემდეგ, თავად ბრალდების ვერსიით, რომელიღაც მუშებმა „გრინსერვისის“ დაკვეთით შეცვალეს რაღაცა ლითონის მილები, ამის შედეგად დაზიანდა ელექტრომოწყობილობა. ანუ დასკვნა, რომელიც იყო 25 აგვისტოს გაცემული, არ იყო უსაფრთხოებასთან მიმართებით, მაგრამ თეორიულად რომც დავუშვათ, ვთქვათ, იყო რელევანტური უსაფრთხოების საკითხებშიც, ცხადია, მას შემდეგ, რაც მუშებმა რაღაცები გადააკეთეს და გადმოაკეთეს, საჭიროებდა კიდევ ერთხელ ექსპერტიზის ჩატარებას. ელექტროუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთა დასკვნა არ იყო, რადგან ამას არ ითვალისწინებდა კვლევა, მაგრამ რომც დავუშვათ, 22 სექტემბერს შეიცვალა მოცემულობა შადრევანში, ამიტომ კვლევა ხელახლა უნდა ჩატარებულიყო“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
კითხვაზე, მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის ნაწილი იყო „მშენექსპერტის“ კომპეტენცია“, გიგუაშვილმა განაცხადა:
„რა თქმა უნდა. ხარჯთაღრიცხვის ნაწილის შესაბამისობა სამუშაო ნორმებთან, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ მოთხოვნა გვექნება, რომ გათავისუფლდნენ სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, როგორც უკანონოდ დაკავებულები“, – განაცხადა გიგუაშვილმა.