კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს
კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, იგეგმება 18-დან 40 წლამდე ასაკის 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერი“-ს პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს. გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნისა და პერსონალის მომზადების უფასო კურსებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს.

სამინისტროს განმარტავს, რომ დასაქმებისთვის ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე პირებს. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“-ს წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.

ქოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გერმანული კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუიზო კომპანია აქვს, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა, დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი.