კომპანია „მილრემის“ ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი 3 ლატვიელი ესტონეთს გადაეცა და ისინი პატიმრობა იმყოფებიან

18:37, 22.09.2026
კომპანია „მილრემ რობოტიქსის“ მიერ წარმოებული უპილოტო სახმელეთო აპარატი THeMIS (UGV).

კომპანია „მილრემ რობოტიქსის“ მიერ წარმოებული უპილოტო სახმელეთო აპარატი THeMIS (UGV).

ესტონური სამხედრო-სამრეწეველო კომპანიის ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი ლატვიის 3 მოქალაქე ესტონეთს უკვე გადაეცა.

 

სამივე პირი აგვისტოში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, რომლის დროსაც ტალინის ლასნამიაეს რაიონში მდებარე კომპანია „მილრემ რობოტიქსის“ შენობა ხანძრის შედეგად დაზიანდა.

აღნიშნული კომპანია აწარმოებს დისტანციურად მართვად, სამხედრო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაგან ზოგიერთი უკრაინის ომშიც გამოიყენებოდა.

„გასულ კვირას სამივე პირი ესტონეთს გადმოსცეს და მათ პატიმრობა შეეფარდათ“, – განუცხადა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (ERR) სახელმწიფო პროკურორმა, გარდი ანდერსონმა.

სამივე ეჭვმიტანილი ესტონეთის შინაგან საქმეთა უსაფრთხოების სამსახურმა (ISS) დაკითხა, რის შემდეგაც ისინი ჰარიუმაას სამაზრო სასამართლოში წარადგინეს. ამ დრომდე მოპოვებულ მტკიცებულებებსა და დაკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, მოსამართლემ მათი პატიმრობაში დატოვება მიიჩნია მიზანშეწონილად.

„ამჟამად მათ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი აქვთ წაყენებული, რომელიც ქონების დაზიანებასა და განადგურებას ეხება, თუმცა გამოძიების პროცესში ბრალდება შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს“, – აღნიშნა სახელმწიფო პროკურორმა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტთან (PPA) და შინაგან საქმეთა უსაფრთხოების სამსახურთან (ISS), რათა დაედგინა, რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი შენობაში და ვინ იყვნენ ეჭვმიტანილები.

„მტკიცებულებების შეგროვება ახლაც გრძელდება. ყველა შესაძლო ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის, იმასაც, იყო თუ არა ეს დივერსიული აქტი. ახლა, როდესაც ეჭვმიტანილები ესტონეთში იმყოფებიან, მტკიცებულებების შეგროვებასა და ანალიზს უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ“, – დასძინა ანდერსონმა.

სამხედრო-სამრეწველო კომპანია „მილრემ რობოტიქსის“ საკუთრებაში არსებულ შენობას, რომელიც ტალინის ლასნამიეს რაიონში, ბეტოონის ქუჩაზე მდებარეობს, ხანძარი 14-15 აგვისტოს ღამით გაუჩნდა.

ადგილობრივმა მცხოვრებმა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო აქტივობა შენიშნა და ამის შესახებ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცენტრს აცნობა. მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ კიდევ დგინდება.

თავდაპირველი ინფორმაციით, ქმედება წინასწარ იყო დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა („რეფორმის პარტია“) ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო ორგანოები იკვლევენ, დგას თუ არა რუსეთი ცეცხლის წაკიდების უკან.

„მილრემის“ მიერ წარმოებული და უკრაინაში განლაგებული THeMIS-ის ტიპის უპილოტო სახმელეთო მანქანის ხელში ჩაგდებისა და რუსეთისთვის გადაცემისთვის, 2022 წელს რუსეთმა ჯილდო დააწესა.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR – Eesti Rahvusringhääling)

ფოტო: კომპანია „მილრემ რობოტიქსი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი, 2026 წელი, 12:01 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი