კომპანია „ფაიზერი“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადის შეტანას ნოემბერში გეგმავს
კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ კომპანია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საგანგებო ავტორიზაციაზე განაცხადს ნოემბრის შუა რიცხვებისთვის შეიტანს. ინფორმაციას „სიენბისი“ ავრცელებს.
„ფაიზერის“ ხელმძღვანელის თქმით, ავტორიზაცია რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ვაქცინის ეფექტურობის მონაცემებზეც, რომლებიც შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს გახდეს ხელმისაწვდომი.
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საგანგებო ავტორიზაციას აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია გასცემს, რომელიც ამ ტიპის ავტორიზაციისთვის სულ მცირე ორი თვის განმავლობაში მიღებულ მონაცემებს ითხოვს.
აშშ-ში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი რვა მილიონს უახლოვდება. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რიცხვით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.