კომპანია „აგარის შაქარმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ შაქრის იმპორტის 50 პროცენტს ჩაანაცვლებენ. წლის ბოლომდე ქარხანა 65 ათასი ტონა შაქრის წარმოებას გეგმავს. წარმოებაში 500-ზე მეტი პირია დასაქმებული. დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივია.
საწარმო სახელმწიფოსგან მხარდაჭერის პაკეტით ისარგებლებს, რაც გულისხმობს შეღავათებს ბუნებრივი არის მიწოდებასა და სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფზე.
ქარხანაში საწარმოო პროცესი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქარხნის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერეს.
„ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიმართულია ქართული წარმოების მეტად განვითარებისკენ და იმპორტის უფრო მეტად შემცირებისკენ. აგარის ქარხნის მიერ წარმოებული შაქარი დაახლოებით 50 პროცენტით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს. ეს აისახება ფასების მისაწვდომობაზე და მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი ფასები იყოს ბაზარზე. 500 ადგილობრივი ოჯახი, რომლის წარმომადგენლებიც აქ არიან დასაქმებული, მიიღებს შემოსავალს და სიკეთეს ამ წარმოებიდან.
ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ადგილობრივი წარმოების შემდგომი აღორძინებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება ხდება იმ დროს, როდესაც გლობალურ პანდემიას ებრძვის ყველა. საქართველოც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივ წარმოებას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, კონკურენტუნარიანობა რომ შეინარჩუნოს. ჩვენ დავეხმარეთ იმით, რომ შედარებით შეღავათიან ფასში მივაწოდეთ ბუნებრივი აირი, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციამ. ასევე, საქართველოს რკინიგზამ შეღავათიან ფასში დაპირდა, რომ გაუწევს ლოგისტიკურ მომსახურებას. ეს არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ეს წარმოება და „აგარის შაქრის“ ღირებულება იყოს კონკურენტული, წარმოება იყოს მდგრადი, ხელფასები დროულად მიიღონ დასაქმებულებმა. ამ მხარდაჭერით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს დაუბრუნდა ეს წარმოება“, – განაცხადა ქარხნის დათვალიერების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.
„აგარის შაქრის“ ქარხანამ მუშაობა 2017 წლის პირველი ნოემბრიდან შეწყვიტა და გადავიდა კონსერვაციაზე. „აგარის შაქრის“ გახსნა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიმდინარე წლის 3 აპრილს გადაწყდა.