კომისიის თავმჯდომარე- ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის მგზავრები ბორტზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ
კომისიის თავმჯდომარე- ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის მგზავრები ბორტზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ

სმოლენსკის ავიაკატასტროფის გამოძიებაზე მომუშავე  კომისიის  თავმჯდომარე, ანტონ მაცერევიჩი აცხადებს, რომ ტუ-154-ის მგზავრების გარდაცვალების მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება გახდა. ინფორმაციას ტელეკომპანია TVP ავრცელებს.

„მგზავრები დაიღუპნენ ცენტროპლანში აფეთქების შედეგად, მიწასთან შეჯახებამდე. ეს გახდა მათი სიკვდილის მიზეზი“, – განაცხადა მაცერევიჩმა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო ტექნიკური ანგარიში სავარაუდოდ უახლოეს დღეებში იქნება მზად. მაცერევიჩმა აღნიშნა, რომ ანგარიშს კომისიის ყველა წევრმა მოაწერა ხელი.

„ეს ჩემი პირადი ანგარიში არ არის“, – განაცხადა მაცერევიჩმა.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, თვითმფრინავის ნაწილებზე აღმოჩენილია მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების კვალი.

2018 წლის იანვარში, სმოლენსკის ავიაკატასტროფის საქმეზე მომუშავე კომისიის სხდომაზე, საავიაციო ინციდენტების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის, ფრენკ ტეილორის ანგარიში წარადგინეს. ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ტრაგედიის პირველად ვერსიას. მისი შეფასებით, თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა.

2017 წლის ოქტომბერში, ანტონი მაცერევიჩმა, რომელიც მაშინ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, განაცხადა, რომ ბორტჩამწერთა ანალიზის შედეგად ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის აფეთქების მომენტი დადგინდა .

2010 წლის 10 აპრილს თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდნენ, სმოლენსკის აეროდრომთან კატასტროფა განიცადა.
ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა. პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიალზე მიემგზავრებოდა.
ავიაკატასტროფის პირველადი გამოძიების შედეგად, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეკიპაჟი თვითმფრინავის დასმას ნისლში ცდილობდა, რა დროსაც მისი ფრთა ხეს გამოედო.

2015 წელს პოლონეთის ხელისუფლებაში მოსულმა “კონსერვატიულმა პარტიამ” 2010 წლის ავიაკატასტროფის ხელახალი გამოძიება დაიწყო.