კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა
კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა

დღეიდან კომერციულ ბანკებში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. სააგენტოს სადაზღვევო პრემიას ბანკები უხდიან.

იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, პროცესში დეპოზიტების სააგენტო ჩაერთვება, რომლის ვალდებულებაა, მოქალაქეს საკუთარ დეპოზიტზე არსებული თანხა 20 დღის ვადაში აუნაზღაუროს. ამ შემთხვევაში, დეპოზიტი გულისხმობს ნებისმიერ პოზიტიურ ბალანსს, რაც ანგარიშზე აქვს მოქალაქეს, ეს შეიძლება, იყოს ვადიანი ანაბარი, მიმდინარე, ან საბარათე ანგარიშები.

„დღეის მდგომარეობით, ნებისმიერი ფიზიკური პირის დეპოზიტი ნებისმიერ ბანკში დაზღვეულია 15 000 ლარით. თუ მოქალაქეს თანხა გადანაწილებული აქვს ორ ბანკში, ამ შემთხვევაში, ორჯერ 15 000 ლარი ექნება დაზღვეული. ეტაპობრივად მოხდება ზღვრის გადახედვა. დაგეგმილი გვაქვს, რომ ზღვარი სამ წელიწადში ერთხელ აიწიოს, თუმცა, რა მოცულობამდე შეიძლება, გაიზარდოს, ამ ეტაპზე, ამის თქმა რთულია. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, გვინდა, რომ ეს მიმართულებაც დავაზღვიოთ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, ვალდებულნი ვართ, რომ მათ კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაცია მოვახდინოთ, რაც ასევე გულისხმობს იურიდიული პირების დამატებას. ვფიქრობთ, მომავალ წელს შევძლებთ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას, რაც საშუალებას მოგვცემს, 2021 წლის პირველი იანვრიდან დავაზღვიოთ იურიდიული პირებიც“, – განაცხადა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2017 წლიდან ამოქმედდა. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის 3.4 მილიარდ ლარამდე დეპოზიტია დაზღვეული, რაც მთლიანი დეპოზიტების 22 პროცენტია.