პაბლო ესკობარის სახლის ადგილზე ნარკომოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების მსხვერპლთა პატივსაცემად, პარკი აშენდება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
ქალაქ მედელინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კოლუმბიელი ნარკობარონის სახლის დემონტაჟი დღეს მოხდება. ამ ადგილას კი, პარკის მშენებლობა დაიწყება.
„ეს არ ნიშნავს ისტორიის უგულებელყოფას, უბრალოდ ამიერიდან ისტორიას სწორი კუთხით მოვყვებით. ჩვენ წინ წამოვწევთ მსხვერპლთა და უდანაშაულო გმირთა ისტორიებს “,- განაცხადეს მედელინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა .
მედელინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე რვასართულიანი, ბეტონით აშენებული სახლი კოლუმბიელი ნარკობარონის მთავარ სამყოფელს წარმოადგენდა. „მონაკოს შენობის“ სახელით ცნობილი სახლის დემონტაჟი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით საჯაროდ განხორციელდება.
რამდენიმე კვირის წინ მედელინის ხელისუფლებამ პაბლო ესკობარის კუთვნილი „ჰასიენდას ნაპოლის“ სახელით ცნობილი სახლის დემონტაჟიც განახორციელა. 20 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ რანჩოს პირადი ზოოპარკი, აეროპორტი და კორიდა ჰქონდა. მის ადგილას ახლა პარკია გაშენებული.
პაბლო ესკობარი 1980-იან წლებში ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი იყო. გამოცემა „ფორბსმა“ ის უმდიდრესი ადამიანების სიაში შეიყვანა. „კოკაინის მეფედ“ წოდებულ ესკობარს ადგილობრივების გარკვეული ნაწილი ქველმოქმედების გამო რობინ ჰუდს ადარებს, თუმცა კოლუმბიის ხელისუფლებას განსხვავებული სტატისტიკა აქვს. ოფიციალური მონაცემებით, 1990-იან წლებში, პოლიციასა და ნარკომოვაჭრეებს შორის არსებულ დაპირისპირებას 46 612 ადამიანი შეეწირა. პაბლო ესკობარი 1993 წელს, შენობის სახურავზე სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.