„კოლხეთი 1913“-მა ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT
„კოლხეთი 1913“-მა ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“, რომელიც ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება, საშემოდგომო ეტაპს საკადრო სიახლეებით იწყებს – ინფორმაცია ახალწვეულებზე კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ფეხბურთელების ნაწილი საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობია, რადგან ისინი კარიერას ახლა იწყებენ – მაგალითად, გუნდმა ფეხბურთის ფედერაციის აკადემიიდან 16 წლის გიორგი ხინთიბიძე დაიმატა, თბილისის 35-ე სკოლიდან – 17 წლის დემეტრე ციკოლია, ხოლო 18 წლის გიორგი მესხი „კოლხეთში“ კრასნოდარის „ყუბანიდან“ გადმოვიდა. ასევე 19 წლის ნიკა ბოსტოღანაშვილი, რომელიც აქამდე „რუსთავის“ ღირსებას იცავდა.

ჯერჯერობით, ფოთელებმა მხოლოდ ორი გამოცდილი მოთამაშე დაიმატეს – უკრაინელი მეკარე, 24 წლის იაროსლავ კოტლიაროვი, რომელიც ბოლოს ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ თამაშობდა და თბილისის „მერანის“ 21 წლის შემტევი ცოტნე ჩიქოვანი. ყველაზე გამოცდილი 26 წლის მცველი ზურა ჯაფიაშვილია, რომელიც გუნდს ბოლნისის „სიონიდან“ შემოუერთდა.

მზადების პროცესში გუნდის ხელმძღვანელობამ 2 ამხანაგური მატჩი დაგეგმა. პირველად „კოლხეთი“ დღეს, 27 ივლისს ქობულეთში „შუქურას“ დაუპირისპირდება. „ჩელე არენაზე“ მატჩი 17 საათზე დაიწყება.