„კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა, ნიკო ჯაშმა თანამდებობა დატოვა
„კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა, ნიკო ჯაშმა თანამდებობა დატოვა

ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა, ნიკო ჯაშმა თანამდებობა დატოვა. დროებით, ამ პოსტს გუნდის უფროსი მწვრთნელი სოსო ფილია შეითავსებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ფოთის მერი გოჩა კურდღელიაც.

„გუშინ იყო გუნდის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა ფოთის მერთან. საუბრის თემა გუნდის მდგომარეობას და პერსპექტივას შეეხებოდა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ნიკო ჯაში შეხვედრას არ დასწრებია. დღეს კი, შევიტყვეთ ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რაც პირადად ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა“, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის მედიაოფიცერმა, გია ეჯიბიამ.

ნიკო ჯაში „კოლხეთი 1913“-ის დირექტორად მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაინიშნა. გუნდის მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა მისი თანამდებობიდან წასვლა წინა თვეშიც მოითხოვეს, თუმცა ჯაში მაშინ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა.

ნიკო ჯაშთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.