კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანში არსებული მდგომარეობა ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონის მიღმაა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანში არსებული მდგომარეობა ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონის მიღმაა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანში არსებული მდგომარეობა ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონაში არ არის.

აღნიშნულის შესახებ სტანისლავ ზასმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ლაჩინის დერეფნის გარეშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის ერევანს ოფიციალურად არ მიუმართავს.

„ასეთი მიმართვა არ მიგვიღია. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონის მიღმაა“, – განაცხდა ზასმა.

ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბრიდან ბლოკირებულია. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გზა ჩახერგილი აქვთ აზერბაიჯანული გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სასარგებლო წიაღისეულის საბადოების უკანონო ექსპლუატაციაზე საუბრობენ და ადგილზე მყოფ რუს სამხედროებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ, აზერბაიჯანის მხრიდან ლაჩინის დერეფნის ბლოკირების გამო, ათასობით ადამიანი მთიან ყარაბაღში შესვლას ვერ ახერხებს. ერევანში ასევე აცხადებენ, რომ გზის ბლოკირება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ სიტუაციას აუარესებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაჩინის დერეფანში შექმნილ მდგომარეობაზე დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.