კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყაზახეთში „სამშვიდობო ძალები“ შეზღუდული დროით, ვითარების სტაბილიზაციის მიზნით გაიგზავნა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 2022 წლის 6 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ორგანიზაციის გაერთიანებული „სამშვიდობო ძალები“ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული დროით, სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით გაიგზავნა.
ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გაგზავნილი „სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობაში არიან სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.
„სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციისა და მის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებისთვის. რუსული მხრიდან ამ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შევიდნენ ქვეყნის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები“, – ნათქვამია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს ინფორმაციაში.
სამდივნოს ცნობით, ამჟამად „სამშვიდობო კონტიგენტის“ რუსული ნაწილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით გადადის.
„ამ შემადგენლობიდან მოწინავე ქვედანაყოფებმა დაკისრებული ამოცანის შესრულება უკვე დაიწყეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.