„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ – ალიანსში სომხეთის სამომავლო მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნას მიღებული
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ სომხეთის სამომავლო მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნას მიღებული, – ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტაალატბეკ მასადიკოვმა განაცხადა.
მანამდე, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ორგანიზაციაში, ვიქტორ ვასილიევმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის ორგანიზაციის ორგანოებში ხმის მიცემის უფლების შესაძლო ჩამორთმევისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი იქნება საჭირო.
მისი თქმით, ამ საკითხს, სავარაუდოდ, ქვეყნების ლიდერები კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 11 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ივნისში განაცხადა, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ განიხილავს წესდების დებულებების გამოყენებას, რომლებიც ეხება იმ სახელმწიფოების მიმართ ქმედებებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს.
სომხური მედიის თანახმად, სომხეთმა ფაქტობრივად შეაჩერა მონაწილეობა ორგანიზაციაში 2024 წელს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეს ახსნა 2021–2022 წლებში მოკავშირეების მიერ სომხეთის წინაშე უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობით. ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.