კოკაინით დატვირთულმა სატვირთო გემმა „მეთიუმ“ ირლანდია 3 წლის შემდეგ დატოვა – მისი შენახვა 16 მილიონი ევრო დაჯდა
სატვირთო გემ „მეთიუს“ ბორტზე 2.2 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომლის ღირებულება შავი ბაზარზე 157 მილიონ ევროს შეადგენს
სატვირთო გემმა „მეთიუმ“, რომელიც 2023 წელს ირლანდიის სამხრეთ სანაპიროსთან ჩატარებული დრამატული ანტინარკოტიკული ოპერაციის ცენტრში იყო მოქცეული, ქვეყანა დატოვა და იმ ევროპული კომპანიისკენ გაემართა, რომელიც გემების უტილიზაციით არის დაკავებული.
მთალი ამ ხნის განმავლობაში „მეთიუ“ კორკის პორტ მარინო პოინტში იყო გაჩერებული.
2023 წლის 26 სექტემბერს, გამთენიისას, კორკის საგრაფოს აღმოსავლეთ სანაპიროსთან, პანამის დროშის ქვეშ მცურავ 28 000 ტონა წყალწყვის მქონე სატვირთო გემზე 2,2 ტონა კოკაინი ამოიღეს, რომლის ღირებულება შავი ბაზარზე 157 მილიონ ევროს შეადგენდა.
უწყებათაშორისი ოპერაცია ირლანდიის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების რესურსებითა და უწყებათაშორისი პერსონალით, მათ შორის არმიის რეინჯერთა ფრთის მონაწილეობით ჩატარდა.
მას შემდეგ, რაც ირლანდიის არმიის რეინჯერთა ფრთის პერსონალმა გემზე კონტროლი დაამყარა, საზღვაო ხომალდის ბორტზე ირლანდიის სამხედრო-საზღვაო ძალების, გარდა-ს (პოლიციის) ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წევრები გადავიდნენ.
გემი 2015 წელს მიღებული საბაჟო კანონის დებულებების შესაბამისად დააკავეს.
„მეთიუზე“ დაკავებულ რვა მამაკაცს, რეკორდული რაოდენობის კოკაინის ამოღების საქმეზე, გასულ ზაფხულს, ჯამში, 129 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ „მეთიუს“ შენახვისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 16 მილიონი ევრო დაიხარჯა.
ამაში შედის ტექნიკური მომსახურების მიმდინარე ხარჯები, კერძოდ ძრავის, ელექტრო და ვენტილაციის სისტემების ფუნქიონირების უზრუნველყოფა, ასევე პორტში დგომის, ეკიპაჟის შენახვისა და უსაფრთხოების ხარჯები.
გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი სახელმწიფოს გადაეცემა, თუმცა ის სატვირთო გემ „მეთიუზე“ გაწეულ დანახარჯებს, სავარაუდოდ, მთლიანად ვერ აანაზღაურებს.

ადრე ეს საზღვაო ხომალდი ცნობილი იყო, როგორც სატვირთო გემი „ჰონმონი“ და ძირითადად ჩინეთის სანაპირო წყლებში ოპერირებდა.
თუმცა, გაყიდვიის შემდეგ, რაც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, მან აფრიკის გავლით, სამხრეთ ამერიკისა და კარიბის ზღვის არეალში გადაინაცვლა, სახელი შეეცვალა და სატვირთო გემი „მეთიუ ეწოდა.
პოლიციის თანამშრომლები, ირლანდიის სანაპიროსთან „მეთიუს“ დაკავებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში, აღნიშნული გემისა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების, აშშ-ის, ჩინეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთისა და კარიბის რეგიონის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად აგროვებდნენ და ცვლიდნენ.
ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, რათა სატვირთო გემი „მეთიუ“ მისი ბოლო მოგზაურობისთვის მოემზადებინათ.