კობიაშვილი ქართული ფეხბურთის იუბილეს გამოეხმაურა - მჯერა, რომ ერთად დავწერთ წარმატების ისტორიას
კობიაშვილი ქართული ფეხბურთის იუბილეს გამოეხმაურა - მჯერა, რომ ერთად დავწერთ წარმატების ისტორიას

დღეს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა. 1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) დაარსდა.

საიუბილეო თარიღს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წერილით გამოეხმაურა:

„გარდა სპორტული დამოუკიდებლობისა, 30 წლის წინ, ფეხბურთის ფედერაციის დაარსებით, ქართული ფეხბურთის კომუნა, უმნიშვნელოვანეს, ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხს გამოექომაგა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არამხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. საიუბილეო თარიღიდან, მალევე დაახლოებით, ერთი თვის თავზე, დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატი, ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და გაიმართა საქართველოს თასის პირველი გათამაშება. მას შემდეგ ქართულმა ფეხბურთმა გრძელი გზა განვლო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში და დღესაც აქტიურად ემსახურება მას. წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანის ჩართულობით და მხარდაჭერით, ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის წარმატების ისტორიას” – ვკითხულობთ სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის წერილში.

საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის საქართველოს სსრ იყო პირველი, რომელმაც დამოუკიდებლობის გზა აირჩია. 1992 წლის 25 თებერვალს ფიფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროებით წევრად მიიღო, ხოლო 3 ივლისს, ციურიხში გამართულ კონგრესზე სრულუფლებიან წევრად აღიარა.

დატოვე კომენტარი