კობა წიტაიშვილი - გიორგის არ სურს უკრაინაში დაბრუნება, მას ბევრი შეთავაზება აქვს #1TVSPORT
კობა წიტაიშვილი - გიორგის არ სურს უკრაინაში დაბრუნება, მას ბევრი შეთავაზება აქვს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილის მამას, „დინამო თბილისის“ ყოფილ თავდამსხმელს, კობა წიტაიშვილს ვებგვერდმა One-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან ისაუბრა მიმდინარე ახალგაზრდული ევროს დროს საქართველოში არსებულ ატმოსფეროზე, გუნდის 1/4-ფინალში გასვლასა და გიორგის მომავალზე.

ინტერვიუდან ირკვევა, რომ ნახევარმცველს უკრაინაში თამაშის სურვილი აღარ აქვს.

„თბილისში ახლა შესანიშნავი ატმოსფეროა, ასე არასდროს მომხდარა. ქართული ფეხბურთი პროგრესირებს და ეს ფაქტია. მალე ყველა გაიცნობს ქართველ ფეხბურთელებს. ბედნიერი ვარ ჩემი შვილისა და ნაკრების გამო, რომელმაც ყველა გაახარა და ისტორია დაწერა. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, საქართველოში დიდი ზეიმია.

ბედნიერი ვარ, რომ გიორგიმ ბელგიასთან გოლი გაიტანა. 0:2-ის შემდეგ ცუდი განწყობა იყო, მისმა გოლმა გუნდი უკეთესად აათამაშა და მალე საქართველომ ანგარიშიც გაათანაბრა.

რატომ იწყებს გიორგი უფრო ხშირად თამაშს სათადარიგოთა სკამიდან? ვენდობი ნაკრების მწვრთნელს, ის ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია, გიორგის „ჯოკრად“ იყენებს – მისი გამოსვლის შემდეგ თამაშის ხასიათი იცვლება.

არ მიყვარს საკუთარ შვილზე ბევრი ლაპარაკი. ყოველთვის ვეუბნები, რომ უნდა იშრომოს, ივარჯიშოს და იყოს პროფესიონალი. მზად იყოს ყველაფრისთვის და უთამაშებლობის გამო არ გაბრაზდეს, ეს ფეხბურთის ნაწილია.

გიორგი ათი წლიდან უკრაინაშია, მაგრამ ქართული პასპორტი აიღო და საქართველოს ნაკრებში თამაშობს. კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევარი აკავშირებს, მაგრამ მას არ სურს უკრაინაში დაბრუნება. ველოდებით ახალ გუნდს, ბევრი შეთავაზება აქვს. არ გვინდა, გადაწყვეტილება ნაჩქარევად მივიღოთ“, – ამბობს კობა წიტაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2022/23 წლების სეზონი გიორგი წიტაიშვილმა იჯარით პოზნანის „ლეხში“ გაატარა, მაგრამ პოლონეთის ლიგაში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა. ახლა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ახალგაზრდულ ევროზე თამაშობს, ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.