კობა ნაყოფია ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგები 30 იანვარს 12:00 საათისთვის გამოქვეყნდება
კობა ნაყოფია ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგები 30 იანვარს 12:00 საათისთვის გამოქვეყნდება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, 28-29 იანვარს ტარდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები.

„გუშინ, 10:00 საათზე შეწყდა ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ამ დრომდე გამფილტრავი ჯგუფები მუშაობენ ადამიანების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც, შესაძლოა, ამომრჩეველთა სიებში აღმოჩნდნენ სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად, ან არ წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.

ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, ასეთ ადამიანთა რიცხვი არ აღემატება საერთოდ რაოდენობის 2-3 პროცენტს, თუმცა ეგეც საბოლოოდ გაირკვევა დღეს, როდესაც შეიკრიბება საარჩევნო კომისია საბოლოო სიების დასამტკიცებლად, რომელიც გაეგზავნება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომელიც ატარებენ არჩევნებს. 50 ათასამდე ადამიანია დარეგისტრირებული, ეს უპრეცედენტო რაოდენობაა.

ხვალ, 10:00 საათზე მიეცემა სტარტი არჩევნებს. უკვე ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა. მოვუწოდებდი ყველას, ვინც დარეგისტრირდა არჩევნებში, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არჩევნები იქნება ფარული, ვერავინ ვერასდროს გაიგებს, მიიღეთ თუ არა თქვენ არჩევნებში მონაწილეობა და ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს. ეს არჩევნები არის სრულად ფარული და წვდომა არავის აქვს. არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, 10:00 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30 იანვარს, ვვარაუდობთ, რომ 12:00 საათისთვის.

არჩევნების მსვლელობისას, „ნაციონალური მოძრაობა“ 12:00; 15:00; 18:00 და 21:00 საათზე მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ მიდის არჩევნები და რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ნაყოფიამ.