კობა ნაყოფია - ნიკა მელიას გარეშე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია
კობა ნაყოფია - ნიკა მელიას გარეშე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია

ნიკა მელიას გარეშე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა პარტიის პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვიდრე მელია არ გათავისუფლდება.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით ძალიან მარტივი და მკაფიოა. თქვენ კარგად იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე მეორედ დააპატიმრა ნიკა მელია. როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე არის დაპატიმრებული, ჩვენ ვთვლით, რომ შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ შეუძლებელია. ნიკა მელია არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმომწერია. როცა ნიკა მელია გათავისუფლდება, ის ჩაერთვება მოლაპარაკებების პროცესში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რიგგარეშე არჩევნები, გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მარტივი და მკაფიო პოზიცია.

ხელისუფლებას ძალიან მარტივი გათვლა აქვს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლის და წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ელოდებიან, რომ ეს წნეხი კიდევ გაგრძელდება და წავიდნენ რაღაც დათმობაზე, მაგრამ ნიკა მელიას გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რამე შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.