კობა ნაყოფია - ამ დროის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე 31 124-მა ადამიანმა დააფიქსირა უკვე საკუთარი არჩევანი
კობა ნაყოფია - ამ დროის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე 31 124-მა ადამიანმა დააფიქსირა უკვე საკუთარი არჩევანი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ამ დროის მონაცემებით 31 124-მა რეგისტრირებულმა ადამიანმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

როგორც ნაყოფიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აქტივობა არის ძალიან მაღალი.

„ბოლო მონაცემებით, დარეგისტრირებული 49 638 ადამიანიდან 31 124-მა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

24 საათის განმავლობაში მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელი ხაზი, სადაც დღის განმავლობაში დაახლოებით 300 ზარი შემოვიდა. ზარები ძირითადად ეხება იმ საკითხს, რომ, რეგისტრირებული ადამიანების განცხადებით, მათ კოდი არ მისვლიათ. მეორე შეკითხვა ეხება იმას, რომ ლინკს ვერ ხსნიან და ამ შემთხვევაში მიზეზი არის ის, რომ არასწორად შედიან; ხშირად მოთხოვნას – „მე არ ვარ რობოტი“ სწორად ვერ ავსებენ და ვერ გადადიან შემდეგ გვერდზე, რათა დაასრულონ კენჭისყრის პროცედურა. ასეთი ტიპის ხარვეზებთან გვაქვს საქმე. პირველ ხარვეზს რაც შეეხება, მათ ხელმეორედ დაეგზავნებათ კოდები და თუ ვინმე ვერ მიიღებს, ვთხოვ, დაუკავშირდნენ პარტიის ცხელ ხაზს და აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას.

კენჭისყრა დასრულდება 30 იანვარს, 10:00 საათზე. ამიტომ მოვუწოდებ პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, იაქტიურონ“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.