კობა გვენეტაძემ ზურაბ ჟვანიას ოჯახს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა
კობა გვენეტაძემ დღეს ეროვნულ ბანკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასა და მის შვილს, ბესარიონ ჟვანიას უმასპინძლა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ოჯახს საჩუქრად გადასცა ახალი საკოლექციო მონეტა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესა და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი” – მონეტის რევერსზე სწორედ ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზაა დატანილი.
„ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ზურაბ ჟვანიას როლი კი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში ფასდაუდებელია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, დღეიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.