კობა გვენეტაძე - შესაძლებელია, მოთხოვნა იმდენად დაეცეს, რომ სამომხმარებლო ფასები საერთოდ შემცირდეს
კობა გვენეტაძე - შესაძლებელია, მოთხოვნა იმდენად დაეცეს, რომ სამომხმარებლო ფასები საერთოდ შემცირდეს

შესაძლებელია, მოთხოვნა იმდენად დაეცეს, რომ სამომხმარებლო ფასები საერთოდ შემცირდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ ჩართვისას განაცხადა.

„ამიტომ, რეალიზატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გაითვალისწინონ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, დღეს არ არის ცნობილი, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული მდგომარეობა რამდენ ხანს გაგრძელდება და აქედან გამომდინარე, პროგნოზის გაკეთება რთულია.

„შეიძლება, ერთი მიმართულებით გაცვლითმა კურსმა იმოქმედოს ინფლაციაზე, მაგრამ მეორე მიმართულებით, ვხედავთ, რომ წელს დიდი ალბათობით, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უარყოფითი ზრდა იქნება და ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ზოგადად შემცირდება. ამიტომ, უცნობია, რომელი ეფექტი გადაწონის. მომავალში იმის მიხედვით, რა სიტუაცია იქნება, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყოს საჭირო, მაგრამ არის დიდი შანსი, რომ შესაძლოა, შერბილება გახდეს საჭირო“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ასეთი მასშტაბის შოკი ხდება, შეუძლებელია, უცებ გაკეთდეს რაღაც, რაც ფასებზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ეროვნული ბანკი მიიღებს ყველა ზომას, რომ ქვეყანამ ეს პროცესი რაც შეიძლება, მალე გადაიტანოს და ინფლაცია მაჩვენებელს რაც შეიძლება, მალე, საშუალოვადიან პერიოდში დაუბრუნდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, განსაკუთრებით, რა სექტორებზე იქონიებს გავლენას შექმნილი მდგომარეობა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ეს იქნება ტურიზმთან, მშენებლობასთან, უძრავ ქონებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სექტორები.