კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს.
ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ცნობით, კობა გვენეტაძემ ჯიჰად აზურს დეტალურად გააცნო სებ-ის მიერ გატარებული რეფორმები და არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციები. მან ასევე ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც სებ-მა Covid-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ განახორციელა. ამასთან, საუბარი შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ „მხარდამჭერ პროგრამას“ (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია ჯიჰად აზურის და კობა გვენეტაძის შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც საუბარი შეეხება საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ომის გავლენებსა და გლობალურ ეკონომიკას.