კობა გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს
კობა გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშს დღეს წარადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ფიქრობს, რომ დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკი გამოწვევებთან გასამკლავებელ ეფექტურ ბერკეტებს წარმოადგენს.

„ეროვნულ ბანკს უწევდა მთელ რიგ გამოწვევებთან გამკლავება, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების წინ. აქედან გამომდინარე, არის ორი საკითხი, რომელიც პრობლემატურია ქართული საზოგადოებისთვის, ეს არის ლარის კურსი და მაღალი ინფლაცია. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, რომ კიდევ უფრო ეფექტური იყოს. ამ ანგარიშიდან მოვისმენთ, რამდენად გაუმკლავდა ეროვნული ბანკი ამ გამოწვევებს“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ კობა გვენეტაძესთან კითხვები ძირითადად ლარის კურსთან და მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით ექნებათ.

„ლარისა და ფასების მდგომარეობა კორონაკრიზისამდეც პრობლემური იყო. ამაში მთავრობასთან ერთად ეროვნულ ბანკსაც მოუძღვის უარყოფითი წვლილი იმ რეგულაციებით, რასაც აწესებდა. ბანკმა პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვას, რატომ იზრდება ფასები ასე მკვეთრად და რატომ უარესდება ჩვენი ოჯახების მდგომარეობა“,- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.