კობა გვენეტაძე - 24 თებერვლის შემდეგ შექმნილმა გარემოებებმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზში ცვლილება შეიტანა
კობა გვენეტაძე - 24 თებერვლის შემდეგ შექმნილმა გარემოებებმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზში ცვლილება შეიტანა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, 24 თებერვლამდე პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

კობა გვენეტაძის განმარტებით, 24 თებერვლამდე ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდის მოლოდინი არსებობდა.

„დღევანდელი გადმოსახედიდან ეს უფრო დაბალია, დაახლოებით 3-4 პროცენტს შორისაა. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებები, საქართველოზე პირდაპირ და არაპირდაპირად აისახება. ეკონომიკურად ეს აისახება ისეთი არხებით, როგორიც არის ამ ქვეყნებიდან მიღებული შემოსავლები ტურიზმიდან, ექსპორტიდან, ასევე გზავნილებიდან. იქნება ფულადი გზავნილების შემცირება. ამავე დროს, ზოგადად თუ შევხედავთ, რუსული აგრესიის გამო, თვითონ რეგიონი უფრო რისკიანად ჩაითვლება, რაც ასევე იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე ამ ქვეყნებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს. ასე რომ, იმ გარემოებებმა, რაც დადგა 24 თებერვლის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზში ცვლილება შეიტანა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, კობა გვენეტაძის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება, რაც როგორც გლობალურად, ისე საქართველოში გამოიწვევს წნეხს ინფლაციაზე.

გვენეტაძის განცხადებით, არსებული გარემოებები აისახება გლობალური ზრდის მაჩვენებლებზე, თუმცა მოკლევადიან პერიოდში მსგავსი რყევები არის ის ფასი, რომლის გაღების პასუხისმგებლობა იტვირთა მსოფლიოს ჯანსაღმა ნაწილმა, რათა ცხოვრება გაგრძელდეს დემოკრატიულ, თავისუფალ ღირებულებებზე დაფუძნებულ სამყაროში.

„წარმოების ჯაჭვების გადაწყობა წარმოების ხარჯებს გააძვირებს. სახეზეა ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა და თავისთავად, გლობალურად და საქართველოში ეს გამოიწვევს წნეხს ინფლაციაზე. გარდა ამისა, ზოგადად რეგიონის რისკ პრემი არის გაზრდილი, მაგრამ ეს არ არის მარტო რეგიონის. აპრილში გამოქვეყნდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გლობალური ზრდის მაჩვენებლები. უკვე წინასწარი განცხადებები გაკეთდა კიდეც, რომ გლობალურ ზრდაზეც აისახება აუცილებლად ეს აგრესია, აისახება რეგიონებზე, აისახება მის მოსახლეობაზეც, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველოს საზოგადოებას, მათ შორის ბიზნესსაც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მოკლევადიან პერიოდში მსგავსი რყევები არის ის ფასი, რომლის გაღების პასუხისმგებლობა იტვირთა მსოფლიოს ჯანსაღმა ნაწილმა, რათა ცხოვრება გაგრძელდეს დემოკრატიულ, ჯანსაღ, თავისუფალ ღირებულებებზე დაფუძნებულ სამყაროში. ეს ის არჩევანია, რომელიც პროგრესულმა მსოფლიომ გააკეთა და მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოც ამ ვითარებაში სწორედ ამ მსოფლიოს მხარეს დგას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი თავისი მანდატის ფარგლებში და თავისი ბერკეტების საშუალებით წვლილს შეიტანს დამატებითი ინფლაციური წნეხის შერბილებაში.

„ამის მთავარი ბერკეტი არის მონეტარული პოლიტიკა, რასაც აქამდეც მივსდევდით, რადგან მონეტარული პოლიტიკა აქამდეც გამკაცრებული იყო, ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – დასძინა კობა გვენეტაძემ.