კობა ჟორჟიკაშვილი ეროვნულ გუნდზე - ჯგერენაია სწრაფი მცველია, ნაკრებისთვის ახალი მოთამაშეები უნდა მოძებნონ #1TVSPORT
კობა ჟორჟიკაშვილი ეროვნულ გუნდზე - ჯგერენაია სწრაფი მცველია, ნაკრებისთვის ახალი მოთამაშეები უნდა მოძებნონ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კობა ჟორჟიკაშვილმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეროვნული ნაკრების გამოსვლის შესახებ ისაუბრა. სპეციალისტმა განაცხადა, რომ გუნდის გასაძლიერებლად ახალი მოთამაშეების მოძებნაა საჭირო.

„სათამაშო სქემა არ მოგაგებინებს, ნებისმიერ სისტემას შინაარსს ფეხბურთელი აძლევს. ნორვეგიასთან კი სათამაშო სივრცე დავთმეთ, რის გამოც მათ მოიპოვეს უპირატესობა და თავისუფლად მოქმედებდნენ.

ადრეც ვთქვი, რომ ჩვენს ნაკრებს სრიოზული პრობლემები აქვს ნახევარდაცვასა და ცენტრალური მცველების პოზიციებზე, რადგან მათ 50-მეტრიანი სივრცის დაცვა უჭირთ.

გუნდს ახლა ძლიერი შემტევი ხაზი ჰყავს, ცოტა ხნის წინ კი პირიქით იყო – დაცვა გვყავდა კარგი და შეტევაში გვიჭირდა. კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე, დავითაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი – მათ უკან რომ დაწევ, გამოდის, დაცვით ფაზას ათამაშებ.

ჩვენ გვრჩება კონტრშეტევა. კვარაცხელიამ 70 მეტრი უნდა ირბინოს კარამდე მისასვლელად. მისი ფაქტორი თუ გვინდა გამოვიყენოთ, შეტევაში უნდა ვითამაშოთ. წინა შესარჩევების დროს უკან ვიდექით და გეგმა კარის მშრალად შენახვა იყო. ახლა ნორვეგიასთან გოლი რომ გავუშვით, შეიცვალა ვითარება, წინ წავედით, თუმცა შემდეგ ისევ დაცვაში ჩავჯექით.

მათ ბევრი მომენტი ჰქონდათ და რომ გამოეყენებინათ, ეს თამაში ჩვენთვის კარგად არ დასრულდებოდა. ამიტომ ნორვეგიასთან ქულის აღება მისაღებია, მაგრამ პერსპექტივაში ასეთი თამაში შედეგს მოგვცემს? პირველ მატჩში ხომ თამაშის ხარისხი არავის მოეწონა.

გარკვეულ პოზიციებზე პრობლემები გვაქვს და სიახლეა საჭირო. არიან მწვრთნელები, გამოცდილი მოთამაშეებით ურჩევნიათ, წააგონ, ვიდრე უცნობ მოთამაშეს შანსი მისცენ და გარისკონ. თავის დროზე ბოსკამპმა 17 წლის ხიზანეიშვილი და ხიზანიშვილი ათამაშა, ტოპმიოლერმა კი ყენია-მჭედლიძის დუეტი პირველადგილოსან შოტლანდიასთან შემადგენლობაში დააყენა და მოიგო.

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავატარებდი ტესტებს სისწრაფესა და გამძლეობაზე. ისეთი მოთამაშე გვჭირდება, რომელსაც ჩაშლა შეუძლია, სწორედ აქ გვიჭირს. ქვედა ლიგებში საინტერესო ფეხბურთელები არიან, სახელები არ აქვთ, მაგრამ მათგან შეიძლება სარგებლის მიღება.

შანსი უნდა მიეცეს „საბურთალოს“ მოთამაშე ჯგერენაიას, რომელთანაც „სამტრედიაში“ ვმუშაობდი. ის მარცხენა ფეხს ხმარობს და სწრაფია. 50-მეტრიან დისტანციაზე მას ვერავინ ჯობდა. დღეს ის საბურთალოში“ შესანიშნავად თამაშობს და გუნდის ლიდერია.

საქართველოს ჩემპიონატში სწრაფი ტემპი არაა, თუმცა თამაში რთულია. დაბალ ტემპში ყველა კარგად ფიქრობს. კაშიასა და კვირკველიას შარშან გამოადგათ აქ ასპარეზობა, ორივეს ვუყურებდი, მათ ადგილობრივებისგან ვერ გაარჩევდით. რამდენიმე მოთამაშე ვიცი, საკუთარი თავის რომ სჯეროდეთ, ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ, თუმცა მეორე ლიგაში არიან“, – განაცხადა კობა ჟორჟიკაშვილმა.