კობა დავითაშვილი - ამომრჩეველთან პირადი კონტაქტი კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მე ამას ვერ ვახერხებ
კობა დავითაშვილი - ამომრჩეველთან პირადი კონტაქტი კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მე ამას ვერ ვახერხებ

ამომრჩეველთან პირადი კონტაქტი კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მე ამას ვერ ვახერხებ, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კობა დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამომრჩეველთან პირადი, უშუალო კონტაქტი ძალიან კარგია და ძალიან კარგია, რომ ჩემი კოლეგები ამას აკეთებენ. ჩემი კოლეგები კმაყოფილი არიან. ისინი დადიან და ამომრჩევლებს აქტიურად ხვდებიან. მე სამწუხაროდ, მობილურობით ვერ გამოვირჩევი და ხშირ შეხვედრებს ვერ ვატარებ, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სიარულიც მიჭირს და დგომაც“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

ამ განცხადებით კობა დავითაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად შეძლო მან საარჩევნო კამპანიის შედეგად, ხმა მიეწვდინა ამომრჩევლისთვის.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს, ქართველი ხალხი ქუჩაში სოციალური მოთხოვნებით არ გამოდის და უფრო მეტი საუბარია ღირსებაზე, ადამიანის ფასეულობებზე, ცხოვრების წესზე და ა.შ.

„ეს ყოველთვის ასე იყო და დღესაც ასეა. მამა ვარ და შვილების მომავალი მაწუხებს. მარტო მათი არა, ყველასი მაწუხებს და ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს სერიოზული საფრთხე არსებობს ამ მომავლისა. ცხრა წელიწადი ლიბერალური დიქტატურის პირობებში ვიცხოვრეთ, შვიდი წელიწადი კი რაღაც რბილი, უნიათო ლიბერალიზმის პირობებში ვცხოვრობთ, რაც შეიძლება, ნაკლებს კი არა, მეტ საფრთხესაც უქმნის ჩვენს მომავალ თაობას. მინდა, ჩემი შვილები ჩემი ფასეულობების მიხედვით გავზარდო, ტრადიციაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ოჯახის სიყვარულზე და ა.შ. მე ასე მინდა, მაგრამ არსებობს ლიბერალური დიქტატურა, რაც სხვათა შორის, მთელ მსოფლიოშია და რომელიც ცდილობს, ჩემი შვილები მის ფასეულობებზე აღზარდოს“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ლიბერალები, რომლებიც თავად უნდა იცავდნენ სიტყვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებაზე თავად ახდენენ იერიშს, რაც ასევე დიდი პრობლემაა.

„ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო შეტევა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე ლიბერალების მხრიდან. როდესაც საპატრიარქომ 17 მაისს კონცერტი დაგეგმა და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე მომღერლები მოიწვია, ჩვენ დავინახეთ ლგბტ აქტივისტების იერიში“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

როგორც დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, თუ მის უკან მთაწმინდის ამომრჩევლების მანდატი იქნება, ის მოახერხებს, რომ ახალი თაობის ინდოქტრინიზაცია და ლგბტ საზოგადოების მხრიდან საკუთარ წეს-ჩვეულებებზე აღზრდა აიკრძალოს.

„მაგალითად, პარლამენტში დღესაც იხილება „ბავშვთა კოდექსი“ და მე მის განხილვაში ვმონაწილეობ, როგორც ერთი რიგითი ადამიანი; ვზივარ კომიტეტის სხდომებზე და შენიშვნებს ვაწვდი, მაგრამ თუ ჩემს უკან მთაწმინდის ამომრჩევლების მანდატი იქნება, მე გავიტან იმას, რომ ჩვენი შვილების ინდოქტრინიზაცია და საკუთარ წეს-ჩვეულებებზე აღზრდა ლგბტ საზოგადოების მხრიდან აიკრძალოს. ამას გავიტან იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს „ქართულ ოცნებაშიც“, მაგრამ ეშინიათ ამის ღიად გამოხატვა“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.