კლუბში უკრაინის მოწინააღმდეგეთა ადგილი არ არის - კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის შვილი აღმოჩნდა #1TVSPORT
კლუბში უკრაინის მოწინააღმდეგეთა ადგილი არ არის - კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის შვილი აღმოჩნდა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ კიევის „დინამოს“ ახალგაზრდული გუნდიდან ფეხბურთელი არტურ უვაროვი იმიტომ გარიცხეს, რომ სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის შვილი აღმოჩნდა, რასაც მალავდა.

კიევის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელი არტურ უვაროვი გუნდში მისვლის დღიდან მალავდა, რომ მამამისი თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი, სეპარატისტების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი მაქსიმ ანატოლიევიჩ უვაროვია.

ამის შესახებ ინფორმაცია კიევური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ცნობაში აღნიშნულია, რომ ამასთან დაკავშირებით „დინამომ“ შიდა გამოძიება ჩაატარა და ინფორმაციის სიზუსტე დაადგინა.

„კიევის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა, არტურ მაქსიმოვიჩ უვაროვმა (03/28/2004) დამალა ის ფაქტი, რომ იყო უკრაინის მტრის შვილი, ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლის, მაქსიმ ანატოლიევიჩ უვაროვის, რომელიც ეგრეთ წოდებული „სახალხო საბჭოს კომიტეტის“ ხელმძღვანელის მოადგილეა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. ის უკრაინის მტრების სიაშია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრის ვებგვერდზე „მშვიდობისმყოფელი“ – კრიმინალი/უვაროვი-მაქსიმ-ანატოლევიჩი.

– ჩვენ არ ვაღიარებთ „სტალინურ მეთოდებს“, რომლის მიხედვითაც შვილი პასუხისმგებელია მამის საქციელზე, თუმცა ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს მამის სეპარატისტების სამხედრო სტრუქტურებთან კავშირების შესახებ კონკრეტული კითხვა დაუსვა. უვაროვმა დადებითი პასუხი მაშინვე არ გასცა! კლუბი აღშფოთებულია მოთამაშის საქციელით, მიუღებელია ფაქტის დამალვა და მასთან კონტრაქტი დაუყონებლივ გაწყვიტა“.

– კიევის „დინამო“ ოფიციალურად აცხადებს, რომ კლუბის სტრუქტურაში უკრაინის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეების ადგილი არ არის! რუს ოკუპანტთან საშინელი ომის დროს არტურ უვაროვი ვალდებული იყო, პირადად დაკავშირებოდა კლუბის ხელმძღვანელობას და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მამის მონაწილეობა ეღიარებინა.

– კიევის „დინამო“ არის უკრაინული ფეხბურთის ფლაგმანი, რომელმაც ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ასზე მეტი მოთამაშე აღუზარდა. ჩვენი კლუბი აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და დაფინანსებას რუს ოკუპანტთან საშინელ ომში და ვგმობთ ყველას, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის დამოუკიდებლობას და არ ცნობს მის ტერიტორიულ მთლიანობას. დიდება უკრაინას! დიდება ჩვენს გმირებს!“, – ნათქვამია კიევის „დინამოს“ განცხადებაში.