„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისის თასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა მოჰამედ სალაჰისა და ვირჯილ ვან დეიკის მდგომარეობაზე, რომლებიც „ჩელსისთან“ ფინალის მსვლელობისას შეცვალეს.
„ვფიქრობ, ისინი წესრიგში არიან. სიმართლე ითქვას, არ მგონია, რომ ისინი მზად იქნებიან სამშაბათს „საუთჰემპტონთან“ სათამაშოდ.
ჩემი აზრით, მათ არაფერი ემუქრებათ. მათი შეცვლა, უფრო მეტად, ჩემი მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა იყო. სალაჰმა რაღაც იგრძნო, მაგრამ თქვა, რომ შეუძლია თამაშის გაგრძელება. მე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და შევცვალე ის. როცა მინდორზე დისკომფორტს გრძნობ, თამაშის გაგრძელება არ არის მკურნალობის საუკეთესო ვარიანტი.
ვან დეიკთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია – მას შეეძლო ეთამაშა 90 წუთი, მაგრამ არა – 120“, – განუცხადა კლოპმა ESPN-ს.