კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით 110 ქვეყანაში მოსწავლეები აქციებს გეგმავენ
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით 110 ქვეყანაში მოსწავლეები აქციებს გეგმავენ

საერთაშორისო მასშტაბით სკოლის მოსწავლეები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქციებს გეგმავენ.

ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ათასობით მოზარდი ქუჩებში უკვე გამოვიდა. აქტივისტ გრეტა ტუნბერგის ქმედებით შთაგონებული მოსწავლეები პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი 2018 წელს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ აქციებს მართავდა. 15 წლის აქტივისტი აცხადებდა, რომ სკოლაში გაკვეთილებს მანამ არ დაესწრებოდა, სანამ შვედეთის მთავრობა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად შესაბამის ზომებს არ მიიღებდა.

მისმა აქტივობამ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში ბევრი თანატოლის შთაგონება მოახერხა. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მოსწავლეების გლობალური დემონსტრაციები ბოლოს 2019 წლის 15 მარტს გაიმართა. მაშინ დემონსტრაციებს საერთო ჯამში 125 ქვეყნიდან 1,6 მილიონი მოზარდი დაესწრო.

24 მაისს გლობალურ პრობლემასთან საბრძოლველად სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთხელ ერთიანდებიან. საერთო ჯამში აქციები 110 ქვეყანაშია დაგეგმილი.