„კლერმონის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა „შავ ლომს“ წერილი მიუძღვნა - ქართველები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩაატარებენ #1TVSPORT
„კლერმონის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა „შავ ლომს“ წერილი მიუძღვნა - ქართველები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩაატარებენ #1TVSPORT

20 იანვარს ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „შავი ლომი“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

თამაშამდე ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა „შავ ლომს“ ვრცელი სტატია მიუძღვნა:

„„შავი ლომი“ არ არის მხოლოდ კლუბი, ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი საბადოა. „ბორჯღალოსნებსა“ და „შავ ლომს“ ერთი და იგივე მწვრთნელი და კაპიტანი ჰყავს. ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში, ბოლო ტურის წინ გუნდი პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

კლუბი ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილების მქონე მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ასევე არიან მოთამაშეები, რომლებიც წლების განმავლობაში საფრანგეთში გამოდიოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი თბილისში „კლერმონთან“ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩატარებენ.

„ავჭალის“ სტადიონი, სადაც „შავი ლომი“ ვარჯიშობს და გუნდმა გასულ წელს რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური შეხვედრა ჩაატარა, ვერ დაიტევს გულშემატკივართა იმ რაოდენობას, რომელსაც „კლერმონთან“ ელოდებიან, ამიტომ შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც გუნდმა „გლოსეტრს“ უმასპინძლა. იმ შეხვედრას 6000-მდე ქომაგი დაესწრო, ახლა კი ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.

„კლერმონი“ თამაშს სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. „გლოსტერთან“ სადებიუტო მატჩში 10:15 წაგების მიუხედავად, გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს. შემდეგ, ფაქტობრივად, გმირობა ჩაიდინა და სტუმრად უელსში „სკარლეტსი“ დაამარცხა (23:7). გასულ შაბათს  „კასტრს“ თითქმის ერთი საათი დასჭირდა, ქართველების წინააღმდეგობის გასატეხად და ბოლოს ფრანგულმა კლუბმა 28:6 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ „შავი ლომის“ ყველა მოთამაშე ქართველია. გუნდის შერკინება ჩელენეჯ თასზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

„შავმა ლომმა“ გასული სამი ტურის მანძილზე მხოლოდ სამი ლელოს დადება მოახერხა და შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეტევაში ნაკლებად ეფექტურები არიან, თუმცა რამდენიმე მოთამაშეს მაინც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს – მაგალითად, გუნდის კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს, რომელმაც ხუთი სეზონი „ორიაკის“ შემადგენლობაში გაატარა, ასევე ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტულ ლუკა მატკავასა და ფლანგის მოთამაშე აკაკი ტაბუცაძეს, რომელიც ბოლო მსოფლიო თასის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო.

„კლერმონთან“ მატჩი „შავი ლომისთვის“ ერთ კონკრეტულ თამაშზე უფრო მეტია. ისინი შეეცდებიან, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე საუკეთესო შეხვედრა ჩაატარონ, ისტორიულ შედეგს მიაღწიონ და მოედანი ამაყად თავაწეულებმა დატოვონ“, – წერს „კლერმონის“ ოფიციალური გვერდი.