კლერ მუდი - მიხარია და ამაყი ვარ განვაცხადო, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში ხაზგასმულია წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია
კლერ მუდი - მიხარია და ამაყი ვარ განვაცხადო, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში ხაზგასმულია წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია

მიხარია და ამაყი ვარ განვაცხადო, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში ხაზგასმულია წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ განაცხადა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენ ვმსჯელობთ საქართველოზე, საქართველოს პროგრესზე და რეფორმებზე. ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა არ არის ქაღალდის ფურცლები, რომლებიც მაგიდაზე რჩება. ეს ორივე შეთანხმება ემსახურება ცვლილებებს. ამ ორივე შეთანხმებამ უნდა შეცვალოს ადამიანების ცხოვრება და გახდეს კეთილდღეობის საწინდარი.

ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური განვითარებაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, გახსნილ ბაზრებზე და მეტ შესაძლებლობაზე. ეს უდიდესი რამ არის და უდიდესი გავლენა აქვს ადამიანებზე. მიხარია და ვარ ამაყი განვაცხადო, რომ ანგარიშში ხაზგასმულია წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

ამ წლების განმავლობაში სახეზეა პროგრესი და ეს ყველასთვის ნათელი და შესამჩნევია. არის საკითხები და სფეროები, სადაც გასაკეთებელი უფრო მეტია და ჩვენ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მნიშვნელოვანია შრომითი უფლებები. სოციალური ნაწილი ამ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანია და ვაგრძელებთ მუშაობას.

პროგრესი არის, მაგრამ ეს არის ის ნაწილი, სადაც მე ყოველთვის მინდა უფრო მეტი და მეტი. ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემაზე, მერაბიშვილის საქმეზე. ამ კუთხით, ჩვენ გავიხსენეთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გასული წლის ბოლოს მიიღეს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი დეკემბრის დასაწყისში შეიკრიბება და მიიღებენ გადაწყვეტილებას. დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას და ვნახავთ, რა პოლიტიკური მოსაზრება აქვთ მათ. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ანგარიშში საუბარია. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედია და ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა. ეს პრობლემაა საქართველოში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ ყველას გვიწევს ბრძოლა ფეიკ ნიუსთან და მედიას დიდი პასუხიმგებლობა აქვს“, – აღნიშნა კლერ მუდიმ.

მისივე თქმით, ანგარიში, რომელზეც დღეს ევროპარლამენტში იმსჯელებენ, არის ასოცირების ხელშეკრულებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებაზე.

„ეს არის ანგარიშის მთავარი ხაზი და ინტერესის საგანი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა დოკუმენტში, რეზოლუციაში და ანგარიშში უნდა იყოს საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სხვანაირად არ შეიძლება. ეს რჩება ამ დრომდე გადაუჭრელ პრობლემად და ჩვენი ღრმა შეშფოთების საგნად, ამიტომ, მოხარული ვარ, რომ არის ამ ანგარიშშიც საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიმართ მოწოდებებზე და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების, აღებული ვალდებულებების დარღვევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ვგმობთ რუსეთის ქმედებებს და ეს ამ ანგარიშშიც აისახა. ჩვენ ვართ მტკიცე და მკაფიო ამ საკითხებთან მიმართებაში“, – აცხადებს კლერ მუდი.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.