კლდიდან ჩამოშლილი ლოდების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია
კლდიდან ჩამოშლილი ლოდების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდით სამუშაოებს კომპანია შპს „გერალი“ აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან წიკლაური სამუშაოების შეფერხების მიზეზად გზის 25-ე კილომეტრზე რამდენიმე დღის წინ კლდიდან ჩამოშლილ ლოდებს ასახელებს.

„ძალიან დიდი ზომის ლოდებია გზაზე ჩახერგილი. ჩვენი ტექნიკით შეუძლებელია მისი გატანა, გამოსავალი მხოლოდ ბურღვა-აფეთქების საშუალებით დაშლაა და მერე გატანა. გზების დეპარტამენტს ამის თაობაზე უკვე ვაცნობეთ“, – განაცხადა ლევან წიკლაურმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ განუცხადა, თუშეთისკენ მიმავალი გზის გახსნა ივნისის დასაწყისშია დაგეგმილი.

„ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტული სეზონისთვის ჯავშანზე შეკვეთასაც სტუმრებისგან ამ დროისთვის იღებს. თუ გზის გაწმენდა დროულად ვერ მოხერხდება, თუშეთში მდებარე სასტუმროებისთვის ეს დიდი ზარალი იქნება“, – განაცხადა თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სხვა წლებში, ამ დროს გზა აბანოს უღელტეხილამდე იყო გაწმენდილი, ახლა კი, უღელტეხილამდე კიდევ 20 კმ-ია დარჩენილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელის, თამარ ჯაფარიძის თქმით, დეპარტამენტმა ნება დართო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ლოდების ბურღვა-აფეთქების სამუშაოები ჩაატაროს და გზის აღნიშნული მონაკვეთის გაწმედა ორ დღეში იქნება შესაძლებელი.

რთული რელიეფის გამო, თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრიდან ივნისამდე დაკეტილია და იქ დარჩენილ მოსახლეობასთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.