კლაუს იოჰანისი - ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჭიროა სამოკავშირეო ძალების რაოდენობის გაზრდა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი
კლაუს იოჰანისი - ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჭიროა სამოკავშირეო ძალების რაოდენობის გაზრდა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ იოჰანისმა ბუქარესტში ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კლაუს იოჰანისის თქმით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჭიროა სამოკავშირეო ძალების დამატებითი რაოდენობის განთავსება.

„აღმოსავლეთ ფლანგზე საჭიროა მეტი თავდაცვითი ძალები. მე ეს დიდი ხნის წინ ვთქვი და დღესაც განვიხილე ყველა ეს საკითხი ბატონ გენერალურ მდივანთან. ჩემი აზრით, საჭიროა სამოკავშირეო ძალების რაოდენობის გაზრდა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მადრიდში გამართულ ნატო-ს სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერებაზე, ახლა კი საჭიროა საქმეზე გადასვლა.

„დამატებით, საჭიროა ძალიან კონკრეტული გეგმის შემუშავება, რომ, თავდასხმის შემთხვევაში, ვიცოდეთ ძალიან ზუსტად, ვინ რა ძალებს სად აგზავნის. ჩვენ ვერ დავტოვებთ ასეთ გადაწყვეტილებებს ბოლო მომენტისთვის“, – განაცხადა რუმინეთის ლიდერმა.