ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში დღეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგი ქარდი გაიმართა. მთავარი ბრძოლა კიურტის ბლეიდსა და ალეკსანდერ ვოლკოვს შორის ჩატარდა. გამარჯვება ხუთი რაუნდის შემდეგ ამერიკელმა მოიპოვა.
ბლეიდსმა 5 რაუნდის მანძილზე 14 გდება შეასრულა და კარიერაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა.
„ძალიან დავიღალე. ვოლკოვი გამოდგა ბევრად ძლიერი მეტოქე ვიდრე ეს წარმომედგინა. გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი სატიტულო ბრძოლას“, – განაცხადა ბლეიდსმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.
ბლეიდსი UFC-სთან უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით უცნობი და ბუნდოვანია მისი მომავალი მეტოქის ვინაობა, რადგან მძიმე წონით დივიზიონში სატიტულო ბრძოლა 15 აგვისტოს სტიპე მიოჩიჩსა და დენიელ კორმიეს შორის არის ჩანიშნული. ამის შემდეგ კი დიდი ალბათობით ქამრისთვის ფრენსის ნგანუ იბრძოლებს, აქედან გამომდინარე რთული სათქმელია თუ რა ელის ბლეიდსს.