კითხვის ნიშნები ირანის 300-მილიარდიან ფონდთან დაკავშირებით

18:00, 23.06.2026
Iranians chat in a park in Tehran on June 22, 2026. The United States temporarily suspended sanctions on Iranian oil on June 22 after Vice President JD Vance said Iran would allow UN nuclear inspectors to return to the country, following talks in Switzerland. (Photo by ATTA KENARE / AFP) /

Iranians chat in a park in Tehran on June 22, 2026. The United States temporarily suspended sanctions on Iranian oil on June 22 after Vice President JD Vance said Iran would allow UN nuclear inspectors to return to the country, following talks in Switzerland. (Photo by ATTA KENARE / AFP) /

1. რა წერია ტექსტში?

გასულ კვირას ვაშინგტონსა და თეირანს შორის ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმების (დეკლარაციის) თანახმად, შეერთებული შტატები „იღებს ვალდებულებას, რომ თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, შეიმუშაოს საბოლოო, ურთიერთშეთანხმებული გეგმა, სულ მცირე, 300 მილიარდი დოლარის მოსაზიდად, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის აღდგენასა და ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება“.

„საბოლოო გეგმის განხორციელების მექანიზმები უნდა შეთანხმდეს მოლაპარაკებების დროს, რომელიც 60 დღის განმავლობაში გაიმართება“, ხოლო „შესაბამისი ფინანსური ტრანზაქციებისთვის აუცილებელი ყველა ლიცენზია, გამონაკლისი და ნებართვა შეერთებული შტატების მიერ გაიცემა“, – ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.

თუმცა, დოკუმენტში არ არის დაზუსტებული, ვინ შეიტანს ფინანსურ სახსრებს ფონდში, რომელიც წლების განმავლობაში სანქციებით პარალიზებული ირანისთვის შეთავაზებულ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს წარმოადგენს, რათა ის საბოლოო შეთანხმებას დათანხმდეს.

ტექსტში ასევე საუბარია ირანის წინააღმდეგ „ყველა სახის სანქციის“ გაუქმებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ირანულ ნავთობზე სადამსჯელო ზომები ორთვიანი ვადით შეაჩერა.

„ჩემი აზრით, ურთიერთგაგების მემორანდუმში ფონდის მოხსენიების იდეა მიზნად ისახავს ირანს აჩვენოს ყველა ის სარგებელი, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუ ის შეთანხმებას შეასრულებს და მომავალი მოლაპარაკებების დროს კეთილ ნებას გამოავლენს“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ვაშინგტონში განთავსებული სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ანა ჯეიკობსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხაზგასმით ამბობს, რომ ირანი ვერ მიიღებს ამ შეღავათებს, თუ იგი არ შეასრულებს მომავალი შეთანხმების პირობებს, რომელიც 60-დღიანი მოლაპარაკებების განმავლობაში შემუშავდება.

2. მიიღებენ თუ არა ამაში მონაწილეობას ამერიკელები?

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელმა „ქორებმა“ ირანისთვის ზედმეტი დათმობების გამო გააკრიტიკეს და ამ ფონდს თეოკრატიული მთავრობისთვის მიძღვნილი „მოულოდნელი საჩუქარი“ უწოდეს. გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის თქმით, ეს გერმანიისთვის მარშალის გეგმის მიცემის ტოლფასი იქნებოდა იმ პერიოდისთვის, „როცა ნაცისტები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ“.

თუმცა, ჯეი დი ვენსი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ირანი ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან „1 ცენტსაც კი ვერასდროს მიიღებს“.

ექსპერტების აზრით, ტექსტში ნახსენები „რეგიონული პარტნიორები“ მხოლოდ ირანის მეზობელი, ნავთობით მდიდარი სპარსეთის ყურის მონარქიები შეიძლება იყვნენ, რომლებიც ომის დროს ინტენსიური საპასუხო ცეცხლის სამიზნედ იქცნენ.

3. გადაიხდიან თუ არა ფულს ნავთობის მონარქიები?

ეს ქვეყნები, რომელთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ რა პოზიცია დაიკავონ თეირანის მიმართ ომის შემდეგ, არ ადასტურებენ, რომ თავიანთი ძლიერი მეზობლის აღდგენის პროგრამაში ინვესტიციების ჩადებას აპირებენ. ირანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სამხედრო რეპარაციების მიღება შეერთებული შტატებისგან სურს.

ჯეიკობსის თქმით, „არსებობს მოლოდინი, რომ გრძელვადიანი ინვესტიციების პერსპექტივა სიტუაციის დეესკალაციას შეუწყობს ხელს“. თუმცა, „საკითხავი ის არის, შესაძლებელია თუ არა ნდობის აღდგენა ამის განსახორციელებლად“.

როდესაც გასულ კვირას ფონდის შესახებ ჰკითხეს, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰანმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ირანის თავდასხმების შემდეგ, „სანამ ეკონომიკური თანამშრომლობის ან ურთიერთინვესტიციების იდეას რეალურად განვიხილავთ, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენაა საჭირო“.

უსაფრთხოების საკითხებში სპეციალიზებულმა საუდელმა მკვლევარმა, ჰეშამ ალ-ღანამმა „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ ელ-რიადის პრიორიტეტები, თანმიმდევრობით, არის „უსაფრთხოება, ნდობის აღდგენის გადამოწმებისკენ მიმართული ზომები და მხოლოდ ამის შემდეგ – უფრო ფართო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გადასვლა“.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელიც ირანის საპასუხო დარტყმების განსაკუთრებული სამიზნე იყო და ომამდე ირანის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენდა, თეირანისგან რეპარაციები მოითხოვა, თუმცა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების წინა პერიოდში დათმობებზე წამსვლელი ჩანდა.

სპარსეთის ყურის ქვეყნებს ასევე სურთ დარწმუნდნენ, რომ ფონდის სახსრები ირანისა და მის მიერ რეგიონში მხარდაჭერილი ჯგუფების ხელახალი შეიარაღებისთვის არ იქნება გამოყენებული.

ირანის გაყინული აქტივების საკითხზე, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმის კიდევ ერთი პუნქტია, ვაშინგტონმა უკვე გაახმოვანა მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა, რათა გარანტირებული იყოს, რომ ეს სახსრები „ტერორიზმის“ დაფინანსებას არ მოხმარდება. ამით, მან მიანიშნა, რომ ირანის აქტივების განბლოკვა შესაძლოა გარკვეულ პირობებს, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო კონტრაქტების გაფორმებას დაექვემდებაროს.

სტატიის ავტორია RTBF. ფოტოს ავტორი: ატა კენარე / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 22 ივნისი 2026, 19:45 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი