კიტეიშვილმა „შტურმს“ უკაპიტნა - ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძოლებს #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში ქართველმა ფეხბურთელებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს და ამით რეგულარული სეზონი დასრულდა.
22-ე ტურში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ შინ „ალტახს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მე-9 წუთზე ბოაკიეს გოლით დაწინაურდა, 6 წუთში სტუმრებმა დემაკუს ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს. ქართველმა ნახევარმცველმა თამაში ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ჰარტბერგს“ ესტუმრა. ეს მატჩიც 1:1 დასრულდა და ქართველის გუნდისთვის ანალოგიური სცენარით წარიმართა. 29-ე წუთზე „შტურმი“ ბოვინგის გოლით დაწინაურდა, მაგრამ 70-ე წუთზე მასპინძელთა კოსოვოელმა ლეგიონერმა, ავდიაიმ ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა.
ეს იყო რეგულარული სეზონის ბოლო ტური, რომლის შემდეგაც „შტურმი“ თამაშს საჩემპიონო ექვსეულში გააგრძელებს, ხოლო „ვოლფსბერგერი“ აუტსაიდერთა შორის ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.