კიტეიშვილმა სეზონი გოლით გახსნა - „შტურმმა“ სათასო მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა და გრაცის „შტურმმა“ სეზონი წარმატებით გახსნეს – ქართველმა ნახევარმცველმა პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა, მისმა გუნდმა კი ავსტრიის თასის მატჩი მოიგო.

ავსტრიის თასის 1/32-ფინალში გრაცელები სტუმრად „კლაგენფურტს“ შეხვდნენ და 7:2 დაამარცხეს. ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე მის მიერ გატანილი ბურთით ანგარიში 2:0 გახდა. 64-ე წუთზე ქართველი ლეგიონერი შეცვალეს.

ასევე წარმატებული გამოდგა ეს ეტაპი სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერისთვის“, რომელმაც ასევე სტუმრად „კუფშტაინი“ 4:0 დაამარცხა. ბათუმის „დინამოდან“ ავსტრიულ კლუბში გადასულ ნახევარმცველს არ უთამაშია.

ავსტრიის ჩემპიონატი სტარტს პარასკევს, 28 ივლისს აიღებს. ალთუნაშვლის „ვოლფსბერგერი“ 29 ივლისს ლინცის „ბლაუ-ვაისს“ შინ დაუპირისპირდება, ხოლო კიტეიშვილის „შტურმი“ 30 ივლისს სტუმრად ვენის „აუსტრიას“ ეთამაშება.