კიტეიშვილი ტურის სიმბოლურში და საუკეთესო ხუთეულშია [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუდნესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი რჩეულ თერთმეტეულში საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „სოპა სქორმა“ დაასახელა.

ვენის „ალიანს არენაზე“ გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში „რაპიდი“ 3:0 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გაიბრწყინა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. 38-ე წუთზე კელვინ იებოას პირველი გოლის გატანაში დაეხმარა, ხოლო 82-ე წუთზე – ივან ლუბიჩს.

შედეგად, საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „სოპა სქორმა“ ქართველის თამაში 10-ბალიან სისტემაში 8,4 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ეს მიმდინარე სეზონში ქართველი ნახევარმცველის ჩატარებული საუკეთესო მატჩი იყო.

ოთარ კიტეიშვილი ტურის რჩეულებში ქულებით ხუთეულში აღმოჩნდა – უკეთესი ან მსგავსი შეფასება მხოლოდ ოთხ მოთამაშეს დაუწერეს – ტომას საბიცერს (სვაროვსკი ტიროლი – 8,6), მარკუს პინკს (კლაგენფურტი – 8,6), სეიდინ შაბს (რიდი – 8,5) და ტომას გოიგინგერს (ლასკი – 8,4).