ორი პასი კიტეიშვილისგან - „შტურმმა“ ვენაში „რაპიდი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში გაიბრწყინა. ეს ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც მისი „შტურმი“ ვენაში „რაპიდს“ ესტუმრა.

ვენას „ალიანს არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ოთარ კიტეიშვილმა მატჩი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 83-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც შეხვედრის შედეგი გარკვეული იყო.

ეს იყო სანახაობრივი თამაში, რომელშიც გუნდები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ, მაგრამ მიზანს სტუმრებმა მიაღწიეს. პირველი სახიფათო მომენტი 32-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა შექმნა, რომლის ძლიერი დატყმული ბურთიც „რაპიდის“ მეკარე პოლ გარტლერმა მოიგერია და მასპინძლები გადაარჩინა.

ანგარიში მაინც კიტეიშვილის მცდელობით გაიხსნა. მან 38-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ კელვინ იებოა დატოვა და მან ბურთით ცარიელი ბადე შეარხია – 1:0. 71-ე წუთზე ვენის „რაპიდის“ კარი ჯონ სტანკოვიჩმა აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე ივან ლუბიჩმა დააფიქსირა – მასაც ქართველმა უპასა.

„შტურმი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლიდერს, „ზალხბურს“ (27) ჩამორჩება, რომელსაც ქულაც არ დაუკარგავს. ოთარ კიტეიშვილმა კი ცხრა მატჩში ანგარიშზე ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.