კიტ კელოგი უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის სამშვიდობო გეგმას დადებითად აფასებს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დადებითად შეაფასა აშშ-ის სამშვიდობო გეგმა. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. კელოგი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასრულებს ომს, რომელიც ევროპაში ყველაზე ხანგრძლივია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, არის სამუშაო პროცესი.
„ეს ნიშნავს, რომ მადლიერების დღის მთელი კვირის განმავლობაში იმუშავებენ იმისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ მივაღწევთ საბოლოო შედეგს. ვფიქრობ, გვაქვს შანსი ამის მიღწევის“, – განაცხადა კელოგმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა დაამატოს თანმხლები დოკუმენტები, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს არ სურს, გაიმეოროს ისტორია ან ბუდაპეშტის მემორანდუმი.
ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ეხება.
„ვფიქრობ, არჩევნები უნდა ჩაატარონ, რადგან ეს უკრაინელ ხალხსა და თავისუფალ სამყაროს დაარწმუნებს. ეს გეგმის ერთ-ერთი პირობაა“, – აღნიშნა კელოგმა.